გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით რუსთავში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელების დროს 41 ავტომობილი დააჯარიმეს.
ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა.
მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 274 ფაქტი გამოავლინეს.
"ყველაზე მეტი, 159 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 46 - ბათუმში, 41 - რუსთავში, 28 კი, ქუთაისში.
274 სამართალდარღვევიდან 222 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი; 52 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 172 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 90 - მიკროავტობუსის, 12 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ორ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 685 სამართალდარღვევა გამოავლინეს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.