საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში",- ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამაში არსებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"წელს ისტორიის პროგრამაში შევიდა გარკვეული სახის ცვლილებები და ამოღებულ იქნა პროგრამიდან:
1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.
ანუ აბიტურიენტები ამ საკითხებს უბრალოდ არ გაეცნობიან, რადგან პროგრამაში არ არის.
ცალკე საკითხია ქართულის პროგრამაში შესული ცვლილებები.
ამოღებულია:
1)სულხან-საბას იგავები;
2)გურამიშვილის თავები;
3)გოგჩა;
4)საღამო გამოსალმებისა;
5)პასუხი შვილთა;
6)პასუხის პასუხი;
7)არ უკიჟინო სატრფოო;
8)ცისა ფერს;
9)ხმა იდუმალი;
10)სულო ბოროტო;
11)ვპოვე ტაძარი;
12)ბედნიერი ერი;
13)ჩემო კალამო;
14)განდეგილი;
15)აჩრდილი;
16)აღმართ-აღმართ;
17)სულიკო;
18)ქებათა ქება;
19)ხევისბერი გოჩა;
20)რამ შემქნა ადამიანად;
21)იას უთხარით ტურფასა;
22)ბახტრიონი;
23)კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;
24)ყვარყვარე თუთაბერი;
25)მშობლიური ეფემერა;
26)ლექსი-პოეზია;
27)ნინოწმინდის ღამე;
28)მკვდართა მზე ვარ;" - წერს გიორგი ბერძენიშვილი.