საარჩევნო დარღვევების 6 ახალი შემთხვევა

2024-10-15 14:52:46

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს  პერიოდულად ანახლებს. დღეს გავრცელებულ მონაცემებში  6 ახალი შემთხვევაა მითითებული, ჯამში კი ჩამოთვლილია 46 დარღვევა. გთავაზობთ მათ ნაწილს: 

13 ოქტომბერი: "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

13 ოქტომბერს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს ოფისის კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.  მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

13 ოქტომბერი: პარტია "გახარია საქართველოსთვის" კვალიფიციურ სუბიექტად აღიარების გამო სასამართლომ, კომუნიკაციების კომისიის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია "ფორმულა" 5000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის მიმართვის საფუძველზე ტელეკომპანია "ფორმულა" 5000 ლარით დააჯარიმა და გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღება დაავალა. კომუნიკაციების კომისიამ უკანონოდ მიიჩნია ფორმულას გადაწყვეტილება, რომლითაც ტელევიზიამ პარტიას "გახარია საქართველოსთვის" კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მიანიჭა. "ფორმულა" დაეყრდნო Edison Research-ის კვლევას, რომელშიც პარტიას 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა კომისიამ "ფორმულას" კანონდამრღვევად ცნო იმის გამო, რომ კომისიას არ წარუდგინა ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საარჩევნო კოდექსის თანამხად მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. ტელეკომპანია "ფორმულამ" კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა დეტალური ინფორმაცია Edison Research-ის კვლევის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების დასადასტურებლად. გაუგებარი და უკანონოა კომისიის მოთხოვნები "ფორმულას" მიმართ საზოგადოებრივი კვლევის სანდოობის კანონში არ არსებული კრიტერიუმებით გადამოწმების თაობაზე. კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს "მედიაომბუდსმენიც".

მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტს, რომ, წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური და მოქმედებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

კომისიამ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული მაუწყებლების მიმართ ფინანსური სანქცია არაერთხელ გამოიყენა მათ შორის 15 აგვისტოს "მთავარი არხის" მიმართ (2500₾), 13, 19 სექტემბერს  და 9 ოქტომბერს "მთავარს", "პირველს" და "ფორმულას" სამ-სამჯერ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი, თითოეულს 5000 ლარის ოდენობით.

13 ოქტომბერი: "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრის მიმართ შესაძლო მძიმე დანაშაულის მცდელობა სოფელ ქსანში

"გახარია საქართველოსთვის" პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში მათი პარტიის წევრის, ლია ყოჩიშვილის მიმართ მძიმე დანაშაული მოხდა. მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრმა, გიორგი მურჯიკნელმა, სცადა მანქანით დაჯახებოდა ყოჩიშვილს, რომელიც ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ყოჩიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა ქსანში.
არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.  მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

12 ოქტომბერი: ვაკის პარკში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვისთვის აუცილებელი აპარატურა არ შეატანინეს

12 სექტემბერს, 21:00 საათზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" თბილისში, ვაკის პარკში, დაგეგმილი ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით "ქართული ოცნება" ხელს უშლის მათ ვაკის პარკში 10,000 მხარდამჭერთან დაგეგმილი შეხვედრის ჩატარებაში. მისი თქმით, ხელისუფლება აბრკოლებს სკამების, აპარატურისა და გენერატორის შემოტანას.

საარჩევნო კოდექსის თანახმად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში,  უზრუნველყონ ამ ღონისძიებების  უსაფრთხოება.

11 ოქტომბერი: კომპანია RMG-ის თანამშრომელი აცხადებს, რომ კომპანია მათ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებს

ონლაინ მედია პლატფორმა "მაუწყებელს" კაზრეთიდან კომპანია RMG-ს თანამშრომელი დაუკავშირდა და სისხლის სამართლის დანაშაულსა და არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „სამსახურში მოგვთხოვეს ჩვენი და ოჯახის წევრების პირადი მონაცემები, საარჩევნოდ გვჭირდებაო. ვინც უარი უთხრა, დაემუქრნენ, უფროსებთან პრობლემები შეგექმნებაო.” წყაროს თქმით, წელს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია ამგვარად ძალადობს თანამშრომლებზე და მათ ოჯახის წევრებზე: "წინა არჩევნებზეც ასე გააკეთეს, მერე სათითაოდ გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ შემოხაზავ და გამოხვალ, ჯერ უნდა ანახო "ქართული ოცნების" დამკვირვებელს, თუ ვის მიეცი ხმა, მერე უნდა ჩადო კონვერტში და ჩააგდო ყუთშიო, ახლაც ასე მოხდება, ასე ამ დღეში ვართ, სად უნდა ამოიღო ხმა, ყველგან ესენი არიან." მისი თქმით, რიგ შემთხვევებში, დასაქმებულებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
კომპანია RMG "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველია, ის მმართველ პარტიას თანხას მესამე პირების მეშვეობით წირავს, რაც კანონდაღვევაა. "მაუწყებლის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშანს შეიცავს, ხელყოფს ამომრჩევლების უფლებას თავისუფალ და თანასწორ გარემოში, მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე გააკეთოს არჩევანი, ისევე როგორც ემუქრება მათი ხმის ფარულობას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაძლო დანაშაულის სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მათ შორის კომპანია RMG-ის ხელმძღვანელი პირების მხრიდან თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოვლენა.

11 ოქტომბერი: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს

გავრცელებული ინფორმაციით,  მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი. მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში.

პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე, ისევე როგორც ამომრჩევლის ხმის ფარულობა, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება კი შესაძლოა სწორედ იმ შიშის დანერგვას ემსახურებოდეს, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზანს ემსახურებოდეს. აღსანიშნავია, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აუცილებელია ამ გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

11 ოქტომბერი: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს

გავრცელებული ინფორმაციით,  მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი. მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში.

პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე, ისევე როგორც ამომრჩევლის ხმის ფარულობა, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება კი შესაძლოა სწორედ იმ შიშის დანერგვას ემსახურებოდეს, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას. აღსანიშნავია, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აუცილებელია ამ გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

11 ოქტომბერი: დეზინფორმაციის კამპანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ

ანონიმური წყაროებით შექმნილი ახალი ვებგვერდი, რომელიც სავარაუდოდ "ქართულ ოცნებასთან" არის დაკავშირებული, თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორს, ეკა გიგაურს. ვებგვერდი "USAმშობლო", რომლის სახელიც თავადვე მიუთითებს, რომ თითქოსდა ეს პირები უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ის ინტერესებს ემსახურებიან, მიზნად ისახავს ამ აქტიური პირების რეპუტაციის შელახვას. მსგავსი დისკრედიტაციის კამპანიები ვრცელდება ამავე სახელწოდების გვერდზე სოციალურ ქსელშიც, ინდივიდუალური პოსტებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ვებ-გვერდზე ტარგეტირებული პირები ჩართულნი არიან 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის მისიებში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საჯარო სივრცეში ამ სახით წარმოჩენა წარმოადგენს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის მორიგ მცდელობას, მსგავსი მოქმედებები არღვევს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ძირეულ პრინციპებს, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ და მიუკერძოებელ ჩართულობას. დეზინფორმაციის ასეთი კამპანიები ასუსტებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის სამართლიანობის მიმართ და საფრთხეს უქმნის თავისუფალ და სამართლიან წინასაარჩევნო პერიოდს.