რუსთავში ცენტრალური პარკის მართვის კრეატიული ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობაა, პარკი კიდევ უფრო მეტი საინტერესო აქტივობით დაიტვირთოს, ამის პარალელურად კი, დაგეგმილია რეკრეაციულ სივრცეში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც.
"მოვლა-პატრონობა არის პირველი, რაც ჩვენ დავიწყეთ და უკვე ეტყობა პარკს, რომ განსაკუთრებულადაა ჩართული ჯგუფი, რომელიც მოვლა-პატრონობაზეა ორიენტირებული.
გარკვეულ ცვლილებებს ალბათ ხედავთ, სულ ცოტა ხნის წინ რომ შემოხვიდოდით აქ, ვერ დაინახავდით ამ ორ შემავსებელ ტბას, რომელიც დღეს ძალიან ლამაზია. მწვანე საფარი დავიწყეთ და რამდენიმე მონაკვეთზე ჩვენი რესურსებით გვაქვს ძალიან ხასხასა ბალახი. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა, სკამები, ნაგვის ურნები... და რომ არა ვანდალიზმი, აქაურობა უფრო მეტად მოვლილი იქნებოდა, თუმცა გვაქვს კიდევ უფრო მეტი გეგმა. შევქმენით პარკის მართვის კრეატიული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პარკში დასაგეგმ ღონისძიებებზე, ეს იქნება გამაჯანსაღებელი, სპორტული თუ სახელოვნებო. ვფიქრობ, რომ რუსთავის ცენტრალური პარკი იმსახურებს უფრო მეტ აქტივობას.
მას შემდეგ, რაც ჩვენც და მოსახლეობაც უფრო მეტად ჩამოვყალიბდებით, გვექნება მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განახლება/მოწესრიგებას. ჩვენი გეგმა არის, რომ ჯერ კიდევ კარგად ჩამოვყალიბდეთ, თუნდაც სპორტის, მუსიკალური ან სახელოვნებო მიმართულებით რა სახეობები გვიზიდავს და ვართ დაკავებული რუსთაველები, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავრთოთ ინფრასტრუქტურა.
კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ჩვენი გეგმაა, კრეატიულმა ჯგუფმა პარკის განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე იმუშაოს, რათა თქვენ აქ კიდევ უფრო უკეთესი დრო გაატაროთ და ეტაპობრივად მივალთ იქამდე, რომ ინფრასტრუქტურა მოვარგოთ ჩვენი დასვენების სტილს", - აცხადებს ლაცაბიძე.