მიგრანტების ნავის ჩაძირვას 10 ადამიანი ემსხვერპლა

2024-08-23 16:43:42

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ადასტურებს.

მიგრანტები სერბეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის არსებული მდინარე დრინას გადაკვეთას ცდილობენ. ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ბოსნიის საზღვარზე, სულ მცირე, 18-მა ადამიანმა მიაღწია, მათ შორის, სამმა ბავშვმა.

ჯერჯერობით დაუდგენელია ზუსტად რამდენი ადამიანია ამ დრომდე დაკარგული. მაშველების მუშაობას ხელს უშლის ამინდის გაუარესებაც.

ამავდროულად, ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დრომდე ეძებენ ადამიანს, რომელმაც მიგრანტებს მდინარეზე გადაიყვანა.

სერბეთის ხელისუფლების მონაცემების მიხედვით, მათი საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას ძირითადად სირიიდან, ავღანეთიდან, თურქეთიდან, მოროკოდან და პაკისტანიდან წამოსული მიგრანტები ცდილობენ.