19-21 აგვისტოს პერიოდში, მებაჟეებმა 135 296 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: "თბილისის აეროპორტი" და "სარფი", მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 296 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.