უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

2024-08-19 17:47:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდმანში ჰქონდა მოწყობილი.

"საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე დალუქულია 14 ერთეული კაკლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), წიფლის სახეობის 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 5 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. ნაგვერდული.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.