2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრებზე მონიტორინგის ახალი სისტემა იგეგმება - როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, სიახლის მთავარი მზიანია, ადგილზე მისული მომხმარებლისთვის მიღებული საბუთი მანქანის მდგომარეობის შესახებ სანდო იყოს.
„ტექინსპექტირების ცენტრების მთავარი გამოწვევაა, რომ იქ მისულ მომხმარებელს კვალიფიციური პერსონალი დახვდეს და მიღებული საბუთი მისი მანქანის მდგომარეობის შესახებ ნამდვილად სანდო იყოს. ზუსტად ამიტომ, 2025 წლის იანვრიდან იგეგმება ტექინსპექტირების ცენტრებზე მონიტორინგის ახალი სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეცდომების დაშვების არეალი შეიზღუდოს. ტექინსპექტირება, როგორც რეფორმა, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ევროდირექტივის გათვალისწინებით. ჩვენ პირდაპირ გვაქვს აღებული ვალდებულებები, რომ შემცირდეს ავარიების რაოდენობა, გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი, ასე რომ გამოწვევები ამ სფეროში არის, მითუმეტეს, რომ ჯერ მხოლოდ 5 წელია, რაც ეს რეფორმა დავიწყეთ“ - აცხადებს მესხიშვილი.
მისი თქმით, მათი მიზანია ადამიანებში ცნობიერების ამაღლება, რათა მან იცოდეს, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მისი ავტომობილი შემოწმებამდე.
„დღეს კანონის აღსრულება მხოლოდ ჭკვიან კამერებზეა დამოკიდებული, თუმცა როცა უკვე შექმნილია ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც ჩანს, რომელმა ატომობილმა გაიარა ტექინსპექტირება და რომელმა - არა, მარტო კამერებზე აღარ არის ყველაფერი დამოკიდებული. კანონის აღასრულება რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ: პირველ რიგში, მიმართავენ თუ არა ინსპექტირების ცენტრებს და მეორე, როგორ არის არსებული რეგლამენტი ამ ცენტრებში დაგეგმილი და რეალურად სრულდება თუ არა ის, რაც რეფორმით იყო გათვალსიწინებული. ჩვენი მიზანი იყო, რომ ცნობიერება ამაღლებულიყო და ადამიანმა იცოდეს, რომ შემოწმების დროს შესაძლოა, აღმოჩნდეს ისეთი ხარვეზი, რომ ადამიანებს შესაძლოა, შეექმნათ ჯანმრთელობის საფრთხე, რაც ძალიან ხშირია“, - განაცხადა მესხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან შესაძლოა, შეიცვალოს ტექინსპექტირების საფასურიც და 30 ლარით მოიმატოს. შედეგად, ნაცვლად არსებული 60 ლარისა, ავტომობილის ტექინსპექტირების გავლის საფასური შესაძლოა, 90 ლარი გახდეს.