2024 წლის პირველ სამ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1 416 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 1 397 მამაკაცია, რომელთა შორისაც 1 057 -ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 19 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 14-ს დაუდასტურდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალშივე, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 5 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 2-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
სტატისტიკით, ნარკოლოგიურ შემოწმება გავლილთა შორის ყველაზე ბევრი, 831 ადამიანი 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში იყო - მათგან 606 მამაკაცსა და 9 ქალს დადებითი შედეგი ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდშივე ნარკოლოგიური შემოწმება 60 წელს ზემოთ მყოფმა 37-მა მოქალაქემ გაიარა - მათგან 24-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.