სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში "გივის შაურმა ნაკვერჩხალზე" (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.
მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს.