რუსთავში ბინის დაქირავება მინიმუმ 500 ლარად შეგიძლიათ.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქალაქში ბინის დაქირავების ფასებმა ბოლო პერიოდში დაიწია, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების შესაძენად ფასები უფროდაუფრო იზრდება.
ცერცვაძის განცხადებით, ნორმალურ მდგომარეობაში, საცხოვრებლად ვარგის 2 ოთახიანი ბინის ფასი ქირის შემთხვევაში 700 ლარია, 3 ოთახიანის 800-1000 ლარის ფარგლებში. თუ ბინა ახალ აშენებულ კორპუსშია, მაშინ ქირის ფასი 1500 ლარამდეც ადის.