რუსთავთან ახლოს, ლილოსკენ მიმავალ გზაზე, "აუთლეტ სოფელი" შენდება. მისი გახსნის თარიღად მიმდინარე წლის გაზაფხულია დასახელებული.
როგორც BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" კომპანია "ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის" მეწილემ და მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ განაცხადა, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარია.
"აუთლეტ სოფელი" 10 ჰა ტერიტორიაზე იქნება განთავსებული.
ცანავას ინფორმაციით, უკვე მოლაპარაკება მიღწეულია 20-მდე ისეთ ბრენდთან, რომელიც საქართველოში ჯერ წარმოდგენილი არ არის, მაგრამ მან ამ ბრენდების დასახელებისგან, ჯერ-ჯერობით, თავი შეიკავა.
"ჯამში, "აუთლეტ სოფელში" 120 ბრენდი განთავსდება, მათგან პირველ ეტაპზე - 76 ბრენდი და ამ ბრენდების 70% უკვე შეთანხმებულია. "აუთლეტ სოფლის" მეორე ფაზის დასრულება 2027 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი", - დასძინა გუგა ცანავამ.
აღსანიშნია, რომ "აუთლეტ სოფლის" გახსნის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. ძირითადი მიზეზი covid-პანდემია იყო, თუმცა როგორც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ამჟამად, "აუთლეტ სოფლის" მშენებლობა-აწყობა აქტიურად მიმდინარეობს.