რუსთავის საკრებულოში მოქმედი 5 კომისიიდან 2-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების გადაყენების საკითხებს უყარეს კეჭი, დეპუტატებმა კომისიების თავმჯდომარეების გადაყენებაზეც იმსჯელეს.
საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ჯუმბერ მგელაძე გადააყენეს და მის ნაცვლად "ქართული ოცნების" დეპუტატი გიგა ვეფხვაძე აირჩიეს.
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ ამირან ჯანჯღავა აირჩიეს, მანამდე ამ თანამდებობას "ენმ-ის" დეპუტატი თაკო მეტრეველი იკავებდა.
თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ, ნინო სულაძემ, რომელმაც "ენმ-ის" პარტია ორი კვირის წინ დატოვა და "ლელოს" შეუერთდა.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ "ენმ-ის" წევრი ნანა შატბერაშვილი დარჩა, თუმცა აღნიშნული თანამდებობა ნანა შატბერაშვილმა მაინც დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა Facebook-ის პირად გვერდზე დაპოსტა.
"დღე როდესაც საქართველოს რუსული მთავრობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემთვის მიუღებელია ქალაქ რუსთავის საკრებულოში ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად თანამდებობების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება. ვტოვებ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და ვაგრძელებ საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით საქმიანობას. Არა რუსეთს, კი ევროპას!",- წერს ნანა შატბერაშვილი.
უცვლელია სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეც, ამ თანამდებობას ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ვაჟა მორგოშია იკავებს, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატად არის წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოში.