"მათ ნაც. მოძრაობასთან არასდროს აღარაფერი აღარ დააკავშირებთ"

2024-04-24 15:18:48

"ისინი გარიცხულები არიან ფრაქციიდან და საზოგადოება თვითონ შეაფასებს, მოქმედებენ თუ არა უნისონში ქართულ ოცნებასთან", - ასე შეაფასა რუსთავის საკრებულოში დღეს განვითარებული მოვლენები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძეს "ინფო რუსთავმა" ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვა საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, რის საპასუხოდაც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ დაპირისპირების მიზეზი სხვა იყო, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

"სამარცხვინოა, ვუყურე თქვენთან ეთერში, როგორ ხოცავენ თანამდებობების გამო ერთმანეთს გახარიას და ივანიშვილის ქოცები.

3 ადამიანი გავრიცხეთ ფრაქციიდან იმის გამო, რომ მათი მოქმედებები ცილდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეთიკას და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიყავით სრულიად მართლები. დაპირისპირება არ უკავშირდებოდა დღეს განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო კავშირში მე-19 მიკრორაიონში არსებული სტადიონის ინცინდენტთან", - აცხადებს კირკიტაძე.

ოპოზიციონერ ლიდერს ასევე ვკითხეთ პარტია "გახარია საქართველოს" ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ენმ და ოცნება ერთმანეთთან გარიგებაში შევიდნენ და თანამდებობებიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გადააყენეს.

"გარიცხულები არიან ისინი ფრაქციიდან და მათ გადაწყვეტილებებზე მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. დოღში არიან ჩაბმულები თანამდებობებისთვის, ჩვენ თანამდებობებისთვის და პრივილეგიებისთვის არ ვიბრძვით.

მათი მოქმედებები ყველაფერს პასუხს გასცემს. ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რაც გააკეთეს მე-19 მიკრორაიონში ბავშვებთან დაკავშირებით, სწორედ მაგის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება და გავუშვით ფრაქციიდან. მათ და ნაციონალურ მოძრაობას არასდროს აღარაფერი აღარ დააკავშირებს.

საზოგადოება თვითონ შეაფასებს, მოქმედებენ თუ არა ისინი უნისონში ქართულ ოცნებასთნ, ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანი არ არის, შესაბამისად არც მონაწილეობა არ მიგვიღია", - განაცხადა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს რუსთავის საკრებულოში თანამდებობებიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გადააყენეს.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, 18-მა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, 3-მა კი თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ 21 დეპუტატიდან 5 ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი იყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები