რუსთაველის ქუჩაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობა დაიწყო.
რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის სრულიად ახალი შენობა აშენდება.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
"რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელზე მუშაობაც დავიწყეთ. პროცესში სრულიად ახალი და უსაფრთხო შენობის აშენების საჭიროება გამოიკვეთა. პროექტის დასრულების შემდეგ კი ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ, თუმცა ძველი შენობის ავთენტური იერსახის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს. პარალელურად, ჩვენ სახელოვნებო და არაფორმალური განათლების სფეროს რეფორმირებაზე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს ახალი შენობა, ჩვენს პატარებზე და ახალგაზრდებზე მორგებული სერვისებით მაქსიმალურად დავტვირთოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის პროექტის პარალელურად, რომელიც ასევე აქტიურად მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს სრულიად განახლებულ ქუჩაზე, ახალი არაფორმალური განათლების ცენტრიც ექნებათ.