გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, რუსთავში 2 ბენზინგასამართ სადგურზე საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დეპარტამენტში განუცხადეს, დიზელის საწვავის და საავტომობილო ბენზინის 2 სინჯიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ დადგინდა.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი.