რუსთავში მიწის ნაკვეთის ფასები გაძვირდა

2024-01-25 13:51:16

რუსთავში სამოსახლო მიწის ნაკვეთის ფასები გაძვირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა, ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა, ფასის ცვლილება, ბოლო 3 თვეა შეიმჩნევა. მისივე თქმით, ამ პერიოდში 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულებამ, დაახლოებით, 20-30 დოლარით მოიმატა.

ქალაქში ყველაზე მოთხოვნად ქუჩად, სადაც კერძო სახლების ასაშენებლად მიწებს აქტიურად ყიდულობენ, მელიქიშვილის ქუჩა ითვლება. მელიქიშვილის ქუჩაზე 1 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს 120-130 დოლარად შეიძენთ.

კერძო სახლების ასაშენებლად მიწებს ასევე ყიდულობენ სანაპიროს ქუჩაზე, მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარედ. ალექსანდრე ცერცვაძის თქმით, აღნიშნულ ლოკაციებზე, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასი 50 დოლარიდანაც იწყება.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას უძრავი ქონების აგენტმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ მიწის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება,  ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად განვითარებულია მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილია თუ არა ნაკვეთთან კომუნიკაციები  - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.

საერთო ჯამში, სურათი ასეთია - მიწის ნაკვეთი კერძო სახლის ასაშენებლად რომ გამოგადგეთ, სულ მცირე, 400 კვადრატული მეტრის ფართობის მაინც უნდა შეიძინოთ. მასში ყველაზე იაფი, კვადრატულზე 50 დოლარი რომ გადაიხადოთ, რუსთავში სამოსახლო მიწის ნაკვეთის ყიდვა, საშუალოდ, 20 000 დოლარი მაინც დაგიჯდებათ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები