გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3243 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
"დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1502 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 - ბათუმში, 470 კი, ქალაქ რუსთავში.
3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 458 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1164 - მიკროავტობუსის, 185 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.