83 წლის მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე, 63 წლის მეუღლე მიმდინარე წლის 13 აგვისტოს მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა რაც ცოლმა ქმარს განუცხადა რომ მას წარსულში ღალატობდა და დასძინა რომ შემდეგშიც უღალატებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.გ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 აგვისტოს, გ.გ.-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში, განაწყენებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ბ-ს სანადირო თოფიდან გულმკერდის არეში დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.