საინტერესო - ასე დავახასიათებდი ერთი სიტყვით ჩვენი რუბრიკის დღევანდელ გმირს, ვერიკო მრელაშვილს.
სკაუტური სკოლის დირექტორი და ახლადგახსნილ ინოვაციების სკოლაში მეხუთე კლასის დამრიგებელი - ჩამონათვალი არასრულზე არასრულია.
მისი ცხოვრება იმდენად მრავალმხრივაა განვითარებული, ვფიქრობ, წინასიტყვაობაში ამის ჩატევა მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება.
სწორედ ამიტომ, განვლილ გზაზე და იმაზე, თუ რას აკეთებს ახლა, "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად რუბრიკის გმირი, ვერიკო უამბობს.
"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 12 წლის ვერიკო თავის ყველაზე პირველ სკაუტურ ბანაკში წავიდა და თავისუფალ დროს ლიდერებს მაგიდების გადაწმენდაში ეხმარებოდა…
ლიდერებმა მაშინვე შემაქეს და ჩაილაპარაკეს, აი ნამდვილი მომავალი სკაუტი ლიდერიო. მაშინ ეს ჭკუაში დამიჯდა! 12 წლიდან დავიწყე მოხალისეობრივად პატარ-პატარა რაღაცების კეთება, მაშინ როცა რუსთავის სკაუტების წევრი გავხდი.
ჩვენ, სკაუტებს, ე.წ რანგები გვაქვს, რაც შენი ყელსახვევის ფერით განისაზღვრება. იწყებ ქაბ-სკაუტობით ანუ პატარა სკაუტობით და გამოცდილებასთან ერთად იცვლება შენი ყელსახვევის ფერიც. ყველა ფერი გავიარე.
რას ვაკეთებთ სკაუტები?
ვცდილობთ "დავტოვოთ ეს სამყარო იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიპოვეთ" (ბადენ პაუელი).
წელს 10 წელი შემისრულდა, რაც სკაუტი ვარ და ახლა ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ბორდის - ანუ გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს წევრი ვარ, ასევე პატარა ქაბ-სკაუტების სკოლის "დირექტორი".
სწორედ რომ სკაუტინგი დამეხმარა დამოუკიდებლობაში, ლიდერული უნარების შეძენაში, სოციალიზაციასა და "ევროპებში" მოგზაურობებში - 12 ქვეყანაში ვარ ნამყოფი ერასმუსის გაცვლითი პროექტებით.
არაფორმალური განათლების სფეროს იდეები სკაუტინგის გარდა სკოლაშიც მუდამ მაწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტი ვიყავი, ვემზადებოდი, 2 სკაუტურ ჯგუფს ვუძღვებოდი, მაინც გადავწყვიტე, ჩემს სკოლაში - რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი მეყარა. ვეცადე ჩემი თავმჯდომარეობა გამომეყენებინა სკოლის გასახალისებლად და ბევრი საინტერესო პროექტი გავაკეთე, მათ შორის გამორჩეული იყო "კვირის საუკეთესო მკითხველის" კონკურსი. ყველა კლასში სხვადასხვა წიგნს ვაანონსებდით და მთელი კვირა აქტიური კითხვა მიდიოდა ამ წიგნის, გამარჯვებულის სახელს კი პოსტერად ვაკრავდით სკოლის შესასვლელში, რაც ბავშვებისთვის დიდი მოტივაციის მომცემი იყო. (ახლაც აქტიურად ვახორციელებ ამ პროექტს ინოვაციების სკოლაში, სადაც ვასწავლი). იმდენად სიხარულით ვაკეთებდი სკოლაში ამ საქმეს, რომ მივხვდი, ძალიან, ძალიან მომწონდა ბავშვების განვითარებაზე ზრუნვა.
გავიდა დრო და პანდემიის დასასრულს დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობები - არაბული ენა. Მკითხვათ რატომ ავირჩიე არაბული? უბრალოდ იმიტომ, რომ ალადინი მიყვარს.
სწავლის გარეშე რა გამაჩერებდა და მაშინვე ჩავაბარე მაგისტრატურაზე - განათლების ადმინისტრირების ფაკულტეტზე და უფრო მივუახლოვდი განათლებისა და ბავშვების სფეროს, ვინაიდან ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლება ფორმალური და არაფორმალური განათლების პრინციპების სწავლა-სწავლების პროცესში გაერთიანება.
2023 წლის ზაფხულში რენდომად გადავწყვიტე ინგლურის მასწავლებლის გამოცდა ჩამებარებინა, რადგან ერასმუსის პროექტების მართვა და ყოველდღიურად მუშაობა სულ ინგლისურად მიწევდა. Რა თქმა უნდა, წარმატებით ჩავაბარე და მაგისტრატურის დასრულების შემდგომ ვგეგმავ მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე სწავლას, მანამდე კი ევროპისკენაც მინდა 6 თვით სასწავლებლად წასვლა, იმედია გამომივა.
მასწავლებლის გამოცდა რომ წარმატებით ჩავაბარე, სამსახურს ვეძებდი და აღმოვაჩინე რომ რუსთავში ახალი კერძო სკოლა - "ინოვაციების სკოლა" გაიხსნა. მაშინვე შევთავაზე მათ ჩემი კანდიდატურა და მართლაც ის გამოვდექი, ვისაც ეძებდნენ - ხალისიანი, ინოვაციური მეთოდების მცოდნე ინგლისურის მასწავლებელი. ახლა ინოვაციების სკოლაში მე-5 კლასის დამრიგებელი ვარ!
მინდა ვიყო მასწავლებელი, რომელიც მისაბაძი იქნება ბავშვებისთვის, სულ ეს მინდოდა… მე რასაც ვასწავლი, ვცდილობ, რომ ეს თემა დიდი სიყვარულითა და სილაღით ვასწავლო, ყველაფერს ვამარტივებ და ცხოვრებისეულ მაგალითებზე მორგებულად ვასწავლი ბავშვებს, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია მათში ინტერესისა და მოტივაციის გასაღვივებლად. ვასწავლი რეპით, დისნეის სიმღერებით, ჰოლივუდის ფილმების მაგალითებით, პრაქტიკული თამაშებით (რომელიც თამაშები ჰგონიათ, არადა სწავლობენ) და რაც მთავარია მეგობრობით, ყველას თავის ენაზე ველაპარაკები… მინდა რომ უხაროდეთ სწავლა.
რენდომ ფაქტი ჩემს შესახებ: კოვიდის პერიოდში ტიკტოკ ვიდეოების გადაღება დავიწყე ბებიასთან ერთად და ძალიან პოპულარები გაგვხადეს, ჩვენ ჩვენთვის ვერთობოდით, ხალხი კი ქუჩაში გვცნობს ზოგჯერ უკვე - რუსთავში, თბილისში, თელავშიც კი.
მიყვარს საკუთარი წარმატების ყურება, დიდი სიამოვნებაა!"