"მედიკამენტები 3000%-იანი ფასნამატითაც იყიდება"

2023-12-20 13:42:29

რა მედიკამენტია ასეთი, რომელსაც თავისი ფასი 10 თეთრი აქვს და 35 ლარად იყიდება? – ასე ეხმაურება ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ჯანდაცვის სამინისტროს იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მედიკამენტები 3000%-იანი ფასნამატითაც იყიდება. ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მხოლოდ ამის მერე გაირკვევა, რამდენად მასშტაბურია პრობლემა.

ცნობისათვის, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების სია გამოაქვეყნა, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში კი იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

ირაკლი მარგველაშვილი: "ერთია, რომ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, ალბათ, მართლაც იყიდება ასეთი ფასნამატით, რადგან ინფორმაცია დიდი ალბათობით გადამოწმებულია. მეორეა ის, თუ რამდენად მასშტაბურია ეს თემა.

ჩვენს ასოციაციაში არის 19 ტიპის მწარმოებელი, მათი პროდუქცია შეადგენს ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით მესამედს, შესაბამისად, მათი ფასნამატები იწყება 5%-დან და არ აღემატება 25%-ს" - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მხოლოდ ამის მერე გაირკვევა, რამდენად მასშტაბურია პრობლემა. "ამ სიაში, რაც დღეს გამოქვეყნდა, სადაც არის ინდური, უზბეკური წარმოშობის წამლები, ფასნამატს რომ შევხედვათ და მათემატიკურად რომ დავითვლით, ჩნდება კითხვა: რა მედიკამენტია ასეთი, რომელსაც თავისი ფასი 10 თეთრი აქვს და 35 ლარად იყიდება? აქ ხარისხზეც მაქვს მე კითხვა, შესაბამისად, ეს საკითხი უფრო ღრმა ანლიზს და კვლევას მოითხოვს. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს".

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი თვლის, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მოკვლევის დაწყება კარგია, მაგრამ მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსაც უნდა ჰქონდეს იმ მედიკამენტებზე აქცენტი, რომლებიც ასეთი ფანსამატით იყიდება და მათ ხარისხობრივ გადამოწმებაზეც უნდა იყოს ლაპარაკი.

"მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ საქართველოში ფასნამატი არ რეგულირდება, არც რეფერენტული ფასი არ რეგულირდება. თუკი რეფერენტული ფასი არეგულირებს მაქსიმალურ საბითუმო ფასს, მანამდე რამდენი აქვს დამატებული პროცენტი, ეს არ რეგულირდება და ეს დარღვევაც არ არის. დარღვევა არის იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია შეთანხმდება, რომ მაღალი ფასი დაიჭირონ - ეს არის ის, რაზეც კონკურენციის სააგენტომ პასუხი უნდა გაგვცეს. რატომ არის საერთოდ ასეთი მედიკამენტები მოთხოვნადი? ფაქტია, ვიღაც ზრდის მასზე მოთხოვნას - ბევრი სხვა პრობლემაა, რომელიც ამ ინფორმაციამ გამოაჩინა და თითოეული მათგანი შემდგომ კვლევას საჭიროებს", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.