თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი გაამართლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ საქმის მიმდინარეობისას, დაზარალებულად ცნობილი ქალი გარდაიცვალა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისათვის მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა.
გამართლებული პირის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მტკიცებულებები არ არსებობდა.
"გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. დაზარალებული გარდაიცვალა, მაგრამ სხდომაზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა", - თქვა ადვოკატმა.
აღნიშნული მამაკაცი 22 აპრილს დააკავეს, მას ბრალად ედებოდა ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ფიზიკური ძალადობა და მუქარა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობდა და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
პროკურატურა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
წყარო: knews.ge