რუსთავის სასამართლო დარბაზიდან გაქცეულ პატიმარს, ოთარ ვარამაშვილს ბრალი 3 წლით დაუმძიმდა. პატიმარს შემთხვევამდე, ხულიგნობის ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა 6 წლით ჰქონდა მისჯილი. გაქცევამდე 1 წელი მას უკვე მოხდილი ჰქონდა, შესაბმისად ოთარ ვარამაშვილს ციხეში ყოფნა 8 წელი მოუწევს. ოთარ ვარამაშვილი რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან 31 აგვისტოს გაიქცა, იგი ძებნაში თვე ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მან დაოჯახება მოასწრო. ოთარ ვარამაშვილი სამართალდამცავებმა სწორედ საკუთარი ჯვრისწერის აღნიშვნის დროს დააკავეს.
პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული ოთხივე ბადრაგი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და გავრცელებული ინფორმაციით მათთან საპროცესო გარიგება შედგება. თითოეულ მათგანს 5000 ლარის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევთ რის შემდეგაც ციხეს დატოვებენ.