„საკუთარი იდენტობითა და ევროპული ღირებულებებით გამორჩეული ქვეყანა“- Aqualia, უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას დანერგავს.
„პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია აქვალიას საქართველოსთან მიმართებაში, არის: წყლის სრული ციკლის მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას შეეფერება! ჩვენ ამას მივაღწევთ! “ - აცხადებს საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორის, FCC Aqualia-ს ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი.
„ქართულ წყალმომარაგებაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზების შემდეგ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა. კვლავაც საჭიროა დიდი ინვესტიციების ჩადება ქსელის განახლების მიზნით, იმისთვის, რომ კავკასიაში ყველაზე დინამიური დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნები სათანადოდ დაკმაყოფილდეს. აღნიშნულის მისაღწევად, აქვალია განახორციელებს სათანადო ინვესტიციებს, დანერგავს ქმედით პროცესებს პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად, რომლის მოწოდებაც საზოგადოების სამსახურში ყოფნაა. ოპტიმალური მართვის მიზნით, განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სერვისზე, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იქნება ქვეყნის განვითარების და მისი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე “.
წყალმომარაგების დარგში მსოფლიოს ლიდერი კომპანიისთვის საქართველო მიმზიდველი სწორი საინვესტიციო პოლიტიკისა და განსაკუთრებული გარემოს გამო გახდა.
რეგიონალური დირექტორის აზრით, მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, ისეთ ძველ იმპერიებთან, როგორიც არის რუსეთი, თურქეთი და ირანი, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი სრულიად განსაკუთრებული იდენტობა და დასავლურ-ევროპული და ქრისტიანული ღირებულებები. მოსახლეობის ევროპულმა ფასეულობებმა და სიმტკიცემ უზრუნველყო ქართული ენის, დამწერლობისა და კულტურის გადარჩენა.
მიუხედავად მძიმე საბჭოური წარსულისა და მოგვიანებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონების ანექსიისა, საქართველომ ურთულეს პირობებში მოახერხა ადაპტაცია და გააგრძელა ეკონომიკური განვითარება.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დღეს მზარდია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წელს მშპ 10,5%-ით, 2022 წელს - 10,1%-ით გაიზარდა. 2023 წლის პროგნოზი 6,2%-იანი ზრდაა. ხოსე ენრიკე ბოფილის აზრით, ღია და გამჭვირვალე პოლიტიკა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და საუკეთესო საინვესტიციო გარემო საქართველოს მუდმივ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, რაც მიმზიდველ გარემოს ქმნის კვალიფიციური ინვესტორებისთვის.
აქვალიას რეგიონალური დირექტორი ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას და მის განსაკუთრებულ ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან.
„ოქტომბრის ბოლოს, აქვალიას სახელით მონაწილეობა მივიღე კავკასიის რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს აბრეშუმის გზის მეოთხე ეკონომიკურ ფორუმში. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულ გალა ვახშამზე, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ერთ მაგიდაზე ისხდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ მინისტრები. ეს მაშინ, როდესაც ორივე ქვეყანა 90-იანი წლებიდან მოყოლებული კონფლიქტშია მთიანი ყარაბაღის გამო. თუნდაც ეს ფაქტი ადასტურებს რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერ ქვეყანას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორის როლი აქვს.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველო საგარეო ფაქტორების გამო მუდმივად დიდი გამოწვევების წინაშეა და თავადაც საჭიროებს პოზიციების გამყარებას. სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება იქნება ქვეყნისთვის ის მნიშვნელოვანი სტიმული, რომელიც გაუმყარებს პოზიციებს რეგიონში და მისცემს საშუალებას გონივრული შეთანხმების გზით, განსაზღვროს თავისი გრძელვადიანი პოზიცია, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში.“
2022 წლის იანვარში, აქვალიამ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აქციების 80% შეისყიდა. კომპანია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს მართავს და 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. ამ გარიგების შედეგად აქვალია საქართველოში დღეისათვის ყველაზე მსხვილი დარგობრივ ინვესტორი და წყალმომარაგების დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.
ინფორმაციას კომპანია "რუსთავის წყალი" ავრცელებს.