რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი მედიათეკაში ახალგაზრდებს გააცნო.
ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის საწყისი ბიუჯეტი 25 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 112 753 324 ლარი შეადგინა.
"ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ საბოლოოდ ბიუჯეტის პროექტის დეტალებზე, რომელიც დღეს გაიგზავნება საკრებულოში და მახარებს ის ფაქტი, რომ ალბათ რუსთავის ისტორიაში პირველად პირველადი ზრდა არის 25 მილიონი ლარით. 25 მილიონი ლარით კიდევ ახალი პროექტების განხორციელება, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ბევრი საინტერესო რამ არის გათვალისწინებული. გათვალისწინებულია იმის მიხედვით, თუ რა იყო მოთხოვნა, მათ შორის ახალგაზრდების, ხანდაზმულების, მშობლების საბავშვო ბაღებთან მიმართებაში. ჩვენ შევეცადეთ, რომ ის თანხები, რომლის მობილიზებაც დამატებით შევძელით, რაშიც ცენტრალური მთავრობის ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, გადანაწილებულიყო სწორედ თითოეული რუსთაველის მოთხოვნაზე.
არის ბევრი მოთხოვნა, ყველა საკითხი პრობლემურად დაყენებული, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ ტიპის შეხვედრებზეც შევჯერდით პრიორიტეტებზე",- განაცხადა ლაცაბიძემ.