"კვირაში 4-5 დღე კანალიზაციის წყალი ამოდის კორპუსის ეზოში"

2023-10-15 13:24:13

რუსთავში მე-19 მიკრორაიონის N10 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა, ელზა ძავახიძემ განუცხადა, ეზო ხშირად იტბორება საკანალიზაციო წყლით, რის გამოც გაუსაძლისი სუნი დგება ხოლმე.

"კვირაში 4-5 დღე კანალიზაციის წყალი ამოდის კორპუსის ეზოში. ჩვენი კორპუსი კუთხის ბინაა და სულ გროვდება. ძლიერი წვიმები როცაა, გვეშინია მობინადრეებს, შეიძლება ეს წყალი დაგროვდეს და სადარბაზოებში წამოვიდეს. საშინელი სუნია, ფანჯარას ვერ გამოხსნი, ბავშვების გასვლაზე ხო ზედმეტია საუბარი.

ძალიან ხშირად მოდიან რუსთავის წყლიდან, ცოდო როგორ ვთქვა, წმენდენ, რაღაც მილი ყოფილა საპირისპიროდ ჩადებული და გააკეთეს, მაგრამ მაინც საგანგაშო მდგომარეობაა. სამი დღის წინაც ასე ამოჩუხჩუხებდა და გააკეთეს, თუმცა გუშინდელს აქეთ ისევ ეს ამბავია. ჩვენი ეზო მშრალი არასდროს არაა, დგას ტბორი და სუნი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ელზა ძავახიძემ.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "რუსთავის წყალსაც", სადაც აცხადებენ, რომ მათი ჯგუფი პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე უკვე გავიდა.

"ჩვენთანაცაა ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია, ტექნიკური ჯგუფი გასულია მისამართზე, შეიძლება მივიდნენ კიდევაც და მოაგვარებენ აღნიშნულ პრობლემას",- განგვიცხადეს კომპანიაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები