ტემპერატურამ საგრძნობლად დაიწყო კლება და მოქალაქეებიც გამათბობლების ჩართვას იწყებენ.
"ინფო რუსთავი" თქვენ ყოველწლიურად გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ამ კუთხით უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ გამათბობლის ჩართვამდე ან ჩართვის შემდეგ, აღნიშნულ რჩევებს გაითვალისწინებთ.
საინფორმაციო სააგენტო თემაზე "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ცენტრის მენეჯერს, კოტე ზარნაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, კომპანია დახმარებას გაგიწევთ იმ შემთხვევაშიც, თუ სახლში ბუნებრივი აირის სუნი სულაც არ გიგრძვნიათ, მაგრამ გსურთ შემოწმდეს, რაიმე სახის პრობლემა ხომ არ გაქვთ შიდა ქსელზე.
"ჩვენთან არის ასეთი მომსახურება, შიდა ქსელის შემოწმების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ სოკარის ფრონტოფისში, რომელიც მეგობრობის N7-ში მდებარეობს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ არაფერი სახიფათო არ უგრძვნიათ, მაგრამ სურთ შემოწმდეს, რაიმე სახის პრობლემა ხომ არ აქვს შიდა ქსელს. ჩვენი სპეციალისტი მიდის ადგილზე იმავე დღეს და აღნიშნულ შემოწმებას ატარებს. მომსახურება უფასოა.
რაც შეეხება, ჩართვის შემდეგ ბუნებრივი აირის სუნს, თუ ამას იგრძნობთ, ფანჯარა გააღეთ, სახლი გაანიავეთ და მაშინვე დარეკეთ სოკარის ცხელი ხაზის ნომერზე - 16 114, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოვა თქვენთან შესაბამისი ჯგუფი. ამასთანავე, შეგიძლიათ გადაკეტოთ ბუნებრივი აირის ცენტრალური ონკანიც.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იქნებით, სახლის ელემენტარულ განიავებას თუ გააკეთებთ. გამოღებული პატარა სარკმელი და ძალიან ბევრი საფრთხისგან დაიცავთ თავს", - განაცხადა კოტე ზარნაძემ.