"ზრდა-განვითარებას უშლის ხელს, ორგანიზმის ნაყოფიერებაზე მოქმედებს, ქცევისა და დასწავლის პრობლემებს იწვევს"

2023-07-30 12:28:15

ცხოვრების გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ნაკლები დრო გვრჩება ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ყოველდღიური საკვები გემრიელთან და ნოყიერთან ერთად, ჯანსაღიც იყოს. სწორედ ამიტომ, სწრაფი კვების პროდუქტი, მიუხედავად მისი მავნე თვისებებისა, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. სწრაფი კვების უარყოფით მხარეებზე ,,ინფო რუსთავს" ენდოკრინოლოგი ლელა ხიჯაკაძე ესაუბრა.

პირველ რიგში, ენდოკრინოლოგი სწრაფი კვების პროდუქტებში შემავალ ცხიმებს უსვამს ხაზს, რომლებიც გარდა იმისა, რომ სიმსუქნის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მრავალი დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. ,,მასში შემავალი ცხიმები გაჯერებულია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან. იგი შეიცავს უამრავ კანცეროგენს და ხდება ისეთი დაავადების ჩამოყალიბების მიზეზი, როგორიცაა სიმსივნე. ასევე ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები თავის ტვინში ხელს უწყობს ცხიმოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას და ვიღებთ ისეთ დაავადებას, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება და სკლეროზი. ცხიმოვანი მჟავები ასევე პრობლემას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის და ხშირად ეს უჯერი ცხიმოვანი მჟავები ვერ ნელდება და შებერილობისა და ფაღარათის მიზეზი ხდება.'' - აღნიშნავს ლელა ხიჯაკაძე.

ენდოკრინოლოგი ასევე სწრაფი კვების პროდუქტებსა და გაზიან სასმელებში შემავალ მარტივად ათვისებად ნახშირწყლებს უსვამს ხაზს, რომლებიც სიმსუქნისა და სხვა მრავალი დაავადების ჩამოყალიბების მიზეზი ხდება. ,,სიმსუქნე თავისთავად გულისხმობს ინსულინრეზისტენტობის ჩამოყალიბებასა და პანკრეასის, როგორც ენდოკრინოლოგიური ორგანოს ფუნქციის დარღვევას. ისინი ასევე შეიცავენ ჭარბი რაოდენობით მარილს, რომელიც, ამ პროდუქტებს საგემოვნო თვისებებს უნარჩუნებს და იცავს მათ გაფუჭებისგან, ჭარბი რაოდენობით მიღება კი იწვევს არტერიული წნევის ციფრების სიჭარბეს და ხელს უწყობს ისეთი დაავადების ჩამოყალიბებას, როგორიც გახლავთ არტერიული ჰიპერტენზია და რისკ-ფაქტორს წარმოადგენს გულის უკმარისობის, ინფარქტისა და ინსულტის ჩამოყალიბების.'' - განუცხადა ლელა ხიჯაკაძემ ,,ინფო რუსთავს".  

ენდოკრინოლოგის ცნობით, სწრაფი კვების პროდუქტი საზიანოა ხშირად მიღების შემთხვევაში და განსაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებსა და მოზარდებს უქმნის, რადგან არამარტო პროდუქტი, არამედ მისი შეფუთვაც შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რაც ზრდა-განვითარებას უქმნის საფრთხეს. ,,გარდა მასში შემავალი ნივთიერებებისა, სწრაფი კვების პროდუქტის შეფუთვები შეიცავს ე.წ. ფიტატებს, რომლებიც ზრდა-განვითარებას უშლის ხელს, ორგანიზმის ნაყოფიერებაზე მოქმედებს, ქცევისა და დასწავლის პრობლემებს იწვევს და შეიძლება გახდეს დასწავლისა და ქცევის პათოლოგიების მიზეზი ბავშვებში.'' - ამბობს ენდოკრინოლოგი.

ენდოკრინოლოგი ლელა ხიჯაკაძე ტრადიციულ და სწრაფ კვებას შორის, უპირატესობას ტრადიციულს ანიჭებს, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანოა.
 ,,ძირითადად, დიეტოთერაპიების დროს უპირატესობას ვანიჭებთ ხილსა და ბოსტნეულის სახით მიღებულ ნახშირწყლებს, იმიტომ რომ ისინი ძნელად ათვისებად ნახშირწყლებს მიეკუთვნებიან და გარდა იმ აუცილებელი, სასარგებლო ნივთიერებებისა, გამდიდრებულია მაკრო და მიკროელემენტებით, მინერალური მარილებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის და სწრაფი კვების პროდუქტი არ შეიცავს სწორედ იმ მიკროელემენტებს, მაკროელემენტებს, ვიტამინებს, სასარგებლო ნივთიერებებს. ბოლოს, გავაკეთებ დასკვნას, რომ რასაც ვსვამთ და ვჭამთ აისახება ჩვენს ორგანიზმზე და გუნება-განწყობილებაზე.'' - ამბობს ენდოკრინოლოგი ლელა ხიჯაკაძე.