საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა "პრაიდ ფესტივალის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.
"გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასათვის, მათ შორის ლგბტ+ პირებისთვის", - აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.
Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმების გამო მწუხარებას გამოხატავს ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ.
"ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში "პრაიდ ფესტივალის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.
"დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.