"თურქეთში 2 პირის გადაყვანას უკანონოდ ცდილობდა"

2023-07-09 13:14:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ქ.-მ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1988 წელს დაბადებული ე.ო.-ს და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1994 წელს დაბადებული ზ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.