საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა.
ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფასები წინა თვესთან შედარებით, თევზზე და ასევე, სატრანსპორტო მომსახურებაზე, წყალზე, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში კი გაიზარდა.
"ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე.
"სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (10.7 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (91.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6 პროცენტით, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.