ბავშვებისთვის სოციალური დახმარება იზრდება

2023-04-20 18:27:44

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მისივე განცხადებით, გამოწვევები რჩება, რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

"2022 წელს, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს. გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელიც. 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზარდა და 340 ლარით განისაზღვრა.

ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის სოციალური გასაცემელი 2012 წლამდე არ არსებობდა, დღეს მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.