"სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება"

2023-04-05 17:42:27

კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება იდენტიფიცირებადი იქნება და მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

გარდა ამისა, მაია ბითაძის თქმით, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.

"დღესდღეობით, კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, არ არსებობს. თავშესაფრები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტშია. ზოგადად, პრობლემაა ძაღლების ყოლა- გამრავლებასთან კავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კასტრაცია-სტერილიზაციის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია თითქმის 70%-ით, ასევე, საოპერაციოებისა და ვეტერინარების რაოდენობა, დინამიკაში ასევე გაზრდილია იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებიც გაგდებულნი არიან ქუჩაში და შემდგომ უკონტროლო გამრავლებას ექვემდებარებიან. დინამიკაში ვერ ეწევა სტერილიზაცია კასტრაცია ძაღლების ყოლისა და ქუჩაში გაგდების პროცენტულ მაჩვენებელს.

სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო პროექტი უკვე მომზადებულია კომიტეტში. ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მერიაში მუშაობისას დავიწყეთ (როდესაც მერის მოადგილე გახლდით). შარშან მერმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტი უკვე გადაეცემოდა საქართველოს პარლამენტს. ეს კანონპროექტი არ იქნება მხოლოდ დედაქალისათვის. დაფარავს მთელს საქართველოს, კანონპროექტი პრაქტიკულად მზად არის. ჩვენ დაგვრჩა 4 მიკრო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, რასაც აპრილში განვახორციელებთ. გვქონდა აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ პირთან, დაახლოებით, 90-მდე შეხვედრა შედგა.

ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დონორებთან, რომ დათვლილი იქნას ფინანსური მაჩვენებლები, თუ რა თანხები უნდა გაიღოს თითოეულმა მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ თავშესაფრები, საოპერაციოები შეიქმნას. ასევე, აღჭურვილი იყოს ყველა მუნიციპალიტეტი შესაბამისი საშუალებებით.

და, მეორე კუთხით, ფართო საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი იქნება, მკაცრად გაკონტროლდეს ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები. სხვანაირად, სახელმწიფოს მხრიდან რაც არ უნდა საოპერაციოები შეიქმნას და კასტრაცია-სტერილიზაცია ჩატარდეს ყოველდღიურად, თუ არ გაკონტროლდნენ ადამიანები, ვინც ყიდულობს ან ამრავლებს ძაღლებს, პრაქტიკულად, პრობლემა ვერ გადაიჭრება.

ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ ცხოველთა რაოდენობის კონტროლი განხორციელდეს. ამ კონტროლის განხორციელების ერთადერთი საშუალება არსებობს, ეს არის ძაღლების მიკვლევადობა. ამ კანონის შექმნის პარალელურად, ჩვენ ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული პორტალი.

კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს, ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე. იდენტიფიცირებადი იქნება ყველა ძაღლი, რომელიც მოხვდება ქუჩაში და შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული.

ამასთან, სანქციების გაზრდა იგეგმება ძაღლების სეირნობის წესების დარღვევისთვის და ასევე ,ძალიან მაღალი იქნება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყოლიებენ ძაღლს იმიტომ, რომ მოდაშია და შემდგომ ამ ძაღლს ქუჩაში აგდებენ და ტრაგიკულ მდგომარეობაში ამყოფებენ ცხოველსაც და პრობლემას უქმნიან მოსახლეობასაც“,- განაცხადა მაია ბითაძემ.