შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მარნეულში, ე.წ. ფარვანის დასახლების მიმართულებით, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბაქოს ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით, მკვლელობისთვის იძებნებოდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). ნახეთ ვიდეო.