ხვალ „გარდაბნობა“ გაიმართება

2017-10-27 15:26:50

28 ოქტომბერს, ქალაქ გარდაბანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა“ გაიმართება. ამ დღეს, ე.წ. თბილსრესის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, 12:00 საათზე დაიწყება ჩემპიონატი ფეხბურთში, მკლავჭიდსა და ნარდში, სადაც გამარჯვებულები სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდებიან.

15:00 საათიდან მოეწყობა ა(ა)იპ ცენტრების მიერ ორგანიზებული გამოფენები: ა(ა)იპ კულტურის ცენტრი - ხელნაკეთი ნივთების, თექის ნამუშევრების, გობელენისა და ნახატების გამოფენას მოაწყობს, პარალელურად შესრულდება ცენტრთან არსებული ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ხალხურ საკრავთა ანსამბლების სხვადასხვა ნომრები.

ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული წიგნადი ფონდის გამოფენას მოაწყობს.რა

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობა შემოდგომის კუთხეს მოაწყობს, ასევე ნახატების გამოფენას გამართავს, ხოლო გიტარის შემსწავლელი წრის მოსწავლეები სიმღერებს შეასრულებენ.

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - სოფლების ნორიოს, მარტყოფისა და სართიჭალის მუზეუმებიდან უნიკალური ექსპონატების გამოფენას მოაწყობს. ა(ა)იპ "გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის“ ბენეფიციარების - ხელნაკეთი ნივთების, თექის ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

16:00 საათიდან ერთსაათიან გასართობ შოუ-პროგრამას პატარებს პანტომიმის თეატრი და მხიარული ანიმატორები შესთავაზებენ.

17:00 საათზე, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება საზეიმო კონცერტი, სადაც ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ნუკრი კაპანაძე, თიკა ჯამბურია, გია ნიკოლაძე, ზურაბ მოსიავა და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების მსვლელობის დროს სიგელებითა და გარდაბნის სიმბოლიკიანი ორგმინით დაჯილდოვდება მუნიციპალიტეტის 22 ოქროსმედალოსანი სკოლადამთავრებული, ხოლო გარდაბნის ხუთ მკვიდრს მიენიჭება გარდაბნის საპატიო მოქალაქის სტატუსი, რომლებსაც სიგელები და მედლები გადაეცემათ. ღონისძიებას ცნობილი წამყვანები, თაკო ჩორგოლეიშვილი და ანდრია გველესიანი წაიყვანენ, კონცერტს კი ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი “33 ა“ დაასრულებს. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვეკით დასრულდება.