დაკავებულია 10 პირი

2023-03-04 14:27:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული გ.ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
1979 წელს დაბადებული რ.ს. კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 16 ვაზნა ამოიღო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული თ.მ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნებით ნივთმტკიცებად ამოიღო.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ზ.ღ და 1968 წელს დაბადებული ს. ბ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ზ.ღ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.
რაც შეეხება ს.ბ.-ს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო კარაბინი, სანადირო თოფები, მჭიდები, ვაზნები და მასრები.
ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სხვადასხვა დროს ამხილეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული გ.ო. და 1953 წელს დაბადებული ს.ჭ.
მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და 12 ვაზნა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ კი დაკავებულია 1992 წელს დაბადებული რ. ხ., რომლის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.დ. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ამოიღეს.
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1963 წელს დაბადებული ტ.ს. სამართალდამცველებმა ტ.ს.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რევოლვერი და შაშხანა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1955 წელს დაბადებული მ.ზ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამავე დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე, 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
1971 წელს დაბადებული თ.ც.-ს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო 1981 წელს დაბადებულ ი.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გასაღება ედება ბრალად.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.