1. ვინ არის დაგროვებითი სქემის მონაწილე?
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი ვრცელდება, საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა, ასევე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა, რომლებიც არიან დასაქმებულები, ან თვითდასაქმებულები.
2. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვინ ითვლება დასაქმებულად?
დასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს იმ ურთერთობის ფარგლებში, რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის შრომის კანონმდებლობით, ასევე, დასაქმებულად ითვლება საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი, ასევე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში ამ პირის სამსახურთან, ან პირი, რომელიც დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად.
3. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვინ ითვლება თვითდასაქმებულად?
თვითდასაქმებული არის, ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას.
4. რა ითვლება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად?
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად ითვლება მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, (გარდა შემოსავლისა, რომელიც საქართველოს კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული მიღებულ შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლისა).
5. ვისთვის არის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება?
დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი, ქალბატონს კი 55 წელი.
6. ვისთვის არის ნებაყოფლობითი დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება?
დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისათვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში - 55 წელი), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში და თვითდასაქმებულისათვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
7. რა მოცულობით და ვის მიერ განხორციელდება საპენსიო შენატანები დასაქმებულის/თვითდასაქმებულის სასარგებლოდ?
დაგროვებით საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ, დამსაქმებელი ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დარიცხული ხელფასის 2%+2%-ის ოდენობით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული კი ვალდებულია განახორციელოს საპენსიო შენატანი მისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით. ზემოაღნიშნულზე დამატებით, სახელმწიფო, ასევე, ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის და მონაწილე თვითდასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო შენატანს, დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2%-ის ოდენობით, ან 1%-ის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუკი დასაქმებულის მიერ მიღებული წლიური ხელფასი ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალი აღემატება 24 000 ლარს. ამასთან, სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.
8. რა არის საპენსიო აქტივი?
საპენსიო აქტივი არის დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა, რომლის განკარგვის უფლება დასაქმებულს/თვითდასაქმებულს წარმოეშობა საპენსიო ასაკის მიღწევის ან/და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
9. როგორ შევამოწმო საპენსიო დანაზოგი (საპენსიო აქტივების ოდენობა)?
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის სახელითა და სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანი, აისახება მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე. მონაწილე უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული საპენსიო აქტივების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე.
მონაწილემ ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე პირველადი წვდომისთვის, აუცილებელია, გაიაროს რეგისტრაცია საპენსიოს შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://my.pensions.ge/ka/login
მონაწილის საპენსიო გვერდზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს, ხოლო დროებითი პაროლი არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გაწევრიანებისას საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მიერ დაგენერირებული და დამსაქმებლის მიერ მიღებული პაროლი.
თუ დასაქმებულს ჰყავს ერთზე მეტი დამსაქმებელი და დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლამდე დაგენერირდა ერთზე მეტი დროებითი პაროლი, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე შესასვლელად დასაქმებულმა უნდა შეიყვანოს მომხმარებლის სახელი და ერთზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს ორი დროებით პაროლისა (ორზე მეტი დამსაქმებლის შემთხვევაში, საკმარისია, ნებისმიერი ორი დროებითი პაროლის შეყვანა). ამის შემდგომ, დასაქმებული ვალდებულია შეცვალოს დროებითი პაროლი, მის მიერ შერჩეული პაროლით.
10. როგორ მივიღო დროებითი პაროლი?
დროებითი პაროლის გადმოცემის ვალდებულება აქვს მონაწილის დამსაქმებელს, ასევე, დროებითი პაროლის მიღება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში (თბილისი, ნ.ყიფშიძის N7ბ).
11. ვინ არის პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაზე?
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო არის პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.
12. როგორია საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა?
საპენსიო სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოს,საინვესტიციო საბჭოს, დირექტორის, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, რისკის მთავარი ოფიცრის, ამასთან, საპენსიო სააგენტოს დებულებით ან/და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.
ხოლო რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს, საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით საპენსიო სააგენტოში შექმნილი საინვესტიციო საბჭო შედგება 5 წევრისაგან, რომლებსაც თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საინვესტიციო საბჭოს უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას.
საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. დირექტორ ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას და წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. უფროს საინვესტიციო ოფიცერს გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსით არჩევს საინვესტიციო საბჭო, ხოლო თანამდებობაზე ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირებისთვის.
სააგენტოს რისკის მართვის ფუნქციის განვითარებასა და ეფექტიან განხორციელებისათვის სააგენტოს სტრუქტურა მოიცავს რისკის კონტროლის დეპარტამენტს, რომელსაც ხელმძღვანელობს რისკის მთავარი ოფიცერი. საპენსიო სააგენტოს რისკის მთავარი ოფიცერი შეირჩევა კონკურსის გზით, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. რისკის მთავარი ოფიცერი ინფორმირებული და მონიტორინგს უწევს საინვესტიციო პროცესებს, ამასთანავე, რეგულარულ ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობას საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მიმართებით.
შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ერთმანეთისაგან გამიჯნულია საოპერაციო და საინვესტიციო საქმიანობა, თუმცა აღნიშნული საქმიანობების საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://pensions.ge/agency/organization-structure
13. დაცულია თუ არა საპენსიო აქტივები?საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია, მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო პერიოდში ამონაგების მიღების მიზნით, კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
სააგენტოს ორგანიზებული სტრუქტურა ეფუძნება ე.წ. "დაცვის სამი ხაზის" მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადესა და გამჭვირვალობას, რისკების ფლობასა და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან მიმართებით;
ა) დაცვის პირველი ხაზი გულისხმობს რისკების ამღებთა ხაზს - სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევ რისკებზე. მათ, ასევე, ეკისრებათ პასუხისმგებლობა შეინარჩუნონ ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები და განახორციელონ რისკის კონტროლის მიმდინარე/უწყვეტი/ყოველდღიური პროცედურები;
ბ) დაცვის მეორე ხაზი მოიცავს რისკის საზედამხედველო ხაზს - სააგენტოს რისკის მართვის ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებელია რისკების ამღები სტრუქტურული ერთეულებისგან, წარმოდგენს დაცვის მეორე ხაზს. რისკის მართვის ფუნქცია ზედამხედველობს რისკის ამღებ სტრუქტურულ ერთეულებს და ამოწმებს მათი ქმედებების შესაბამისობას საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით) მიერ დამტკიცებულ სათანადო რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან;
გ) დაცვის მესამე ხაზი მოიცავს რისკის მარწმუნებელთა ხაზს -სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის არის დაცვის მესამე ხაზი, რომელის ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. ის ამოწმებს და წარმოადგენს დამოუკიდებელ და ობიექტურ რწმუნებას სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემების ხარისხსა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს, როგორც დაცვის პირველ, ასევე მეორე ხაზის საქმიანობებს.
შიდა კონტროლის სხვადასხვა ფენის გარდა, სააგენტოს ჰყავს, ასევე, სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ შედის და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩოში.
14. კანონით რამდენად არის დაცული, რომ საპენსიო აქტივების დაბანდება არ მოხდეს არაკეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში?
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების იმგვარ წესებსა და პირობებს, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს დანაკარგების, ზარალის მიღება. ამასთან, კანონი ადგენს საინვესტიციო პორტფელების მიმართ განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს და საინვესტიციო პორტფელების ტიპებსა და დასაშვებ საინვესტიციო ლიმიტებს, რაც საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების სახელმძღვანელო პირობებს წარმოადგენს. ამავდროულად, კანონი აწესებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ აკრძალვებს, კერძოდ, რა სახის აქტივებში ინვესტირება არის დაუშვებელი.
15. რა საფუძვლით არის შესაძლებელი დაგროვებით პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება?
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
16. რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?
მონაწილის გარდაცვალების შემთვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებს შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.
საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.
17. საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა?
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:
პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.
18. ვინ არის საპენსიო სააგენტოს მარეგულირებელი?
სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო (გარდა საინვესტიციო საქმიანობისა) ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
19. სქემის პარალელურად არსებობს თუ არა სახელმწიფო პენსია?
დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.
20. რა საქმიანობას ეწევა საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი?
სპეციალიზებული დეპოზიტარი არის ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე, ან ამ პირის ფილიალი, რომელიც საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
კანონის თანახმად, სპეციალიზებული დეპოზიტარი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;
ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვების და ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე ანგარიშსწორების დოკუმენტებისასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;
გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;
დ) საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით, მისთვის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად;
ე) უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის თაობაზე დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებს.