ყალბ 100 ლარიანებს საქართველოს მასშტაბით ასაღებდნენ

2023-02-17 12:29:45
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.