"პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამჟამად პური სტაბილურად მიეწოდება მოსახლეობას და ფასებიც შედარებით სტაბილურია.
როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რა სიტუაცია იქნება სამომავლოდ, ამის თაობაზე პროგნოზები ცვალებადია.
"ფქვილის მწარმოებლებს ჰქონდათ თავიანთი წინადადებები, რომ ფქვილი დაბეგვრილიყო და მერე ეს სტაბილიზაციაში გამოყენებულიყო, მაგრამ ძალიან რთული ფორმულა იყო და გარანტიას ვერავინ იძლეოდა, რას იზამდა რუსეთის მხარე. დღეს სიტუაცია როგორ დალაგდება ზუსტად ვერავინ პროგნოზირებს. დღეს, ხვალ და რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება", - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს.
"სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით, დღეს ხორბლის გარკვეული მარაგები ქვეყანაში არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ 34 თვის მარაგიც არის. ეს არის დაახლოებით, 65 ათასი ტონა. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს იმიტომ, რომ კვლაც რუსეთიდან შემოდის შედარებით დაბალი ფასის ფქვილი. მეწარმეების დამოკიდებულება ასეთია, ყველა ეძებს ნედლეულს, რომელიც შედარებით დაბალ ფასიანია. თუმცა, არსებობს მოთხოვნები, კონკურენცია, ყველა ცდილობს, რომ მისი პროდუქცია საუკეთესო იყოს. თუ შევადარებთ შარშანდელ ფასებს, შარშან საშუალო ფასი ერთ ტომარაზე ფიქსირდებოდა დაახლოებით, 70 ლარი და 50 თეთრი. მაქვს ინფორმაცია, რომ ქართული წისქვილებიდან გამოსული ფქვილის ღირებულება დღეს დაახლოებით, 60 ლარამდეა. ანუ, მთელი 10 ლარია დღეს განსხვავება. თუ შევადარებთ სხვა კვების პროდუქტებს, პურის ხელმისაწვდომობა და მისი ფასები სტაბილურია. წარმოებაში ძალიან ბევრი რამ დასანერგია. არის კადრების დენადობა, სამცვლიანი ცვლა არის, ძალიან რთულია დისტრიბუცია ქალაქში გახშირებული მოძრაობის გამო. მთელი რიგი პრობლემები არსებობს იმისთვის, რომ წარმოებები მოწესრიგდნენ", - განაცხადა დოლიძემ.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყოველთვის არის კითხვები პურის ფასთან დაკავშირებით, თუმცა, ყველა მაღაზიას თავისი მოგების მარჟა აქვს.
გარდა ამისა, მალხაზ დოლიძის განმარტებით, ძალიან გაძვირდა შესაფუთი მასალაც.
"კორონავირუსის შემდეგ ყველა პური შეფუთული გამოდის. სტანდარტი ყველა პურის შეფუთვას არ ითვალისწინებდა. ესეც მეწარმეებისთვის გარკვეული დანახარჯია", - განაცხადა დოლიძემ.