სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევაზე სანქციათა დიფერენცირება და რიგ შემთხვევაში კი, მისი გაზრდა იგეგმება.
ამას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
კანონის პროექტის თანახმად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ: - სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი რესურსის შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის და სათანადო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის და მისი ნაწილის იჯარით გადაცემისას შესაბამისი საბუთების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლუქის ახსნა-დადების დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ჯამური მოცულობის მოპოვების შემთხვევაში, ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადების წარუდგენლობა, მომავალი წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკის და ბიუჯეტის და წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
სამართალდარღვევის სახით გათვალისწინებულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების ლიცენზიების მფლობელების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საპროექტო დოკუმენტაციის, გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია შემსწავლელი სუბიექტების მიერ შესწავლის ეტაპზე ჩადენილი სამართალდარღვევა, რაც გულისხმობს სალიცენზიო პირობების დარღვევას და სანქციის სახით განისაზღვრება 5 000 ლარი.
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა გეოსაინფორმაციო პაკეტის და ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირობების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.