შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 14 პირი, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ხ. და 1984 წელს დაბადებული გ.პ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა შ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 106 საბრძოლო ვაზნა.
ხოლო გ.პ-ს საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია პისტოლეტი, ორი ვაზნა , "გეკოს" ტიპის შაშხანა, ასევე სანადირო თოფი.
ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.ფ.
სამართალდამცველებმა ბათუმში ო.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.