ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს ლარში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 12,80%-მდე გაიზარდა. მაშინ, როცა 2021 წელს იპოთეკურ სესხებზე ლარში მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 11,75%-ს შეადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის მოსათოკად ცენტრალური ბანკი ძირითადად რეფინანსირების განაკვეთის ინსტრუმენტს იყენებდა, საპროცენტო განაკვეთი უფრო მეტად ლარის სესხებზე გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში კი პირიქით, იპოთეკური სესხები გაიაფდა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს სამომხმარებლო სესხებზე, გასული წლის მდგომარეობით, ლარის სესხებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება, თუმცა საპროცენტო განაკვეთი ლარის სამომხმარებლო სესხებზე მაინც მაღალ ნიშნულზეა. გაცილებით ხელმისაწვდომია სამომხმარებლო სესხები უცხოურ ვალუტაში.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პროგნოზებს, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი საპროცენტო განაკვეთების ზრდას 2023 წელს უფრო უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე ელის. ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ზრდა შეთავაზებებში უკვე ჩანს. ბუნებრივია ამაზე ძირითადი გავლენა აშშ-ს ფედერალური რეზერვის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ჰქონდა. საერთო ჯამში ასოციაცია მოელის, რომ წელს სესხების მთლიან პორტფელში საპროცენტო განაკვეთები 1-დან 1,5%-მდე გაიზრდება.
"აბსოლუტურ მაჩვენებელში [საპროცენტო განაკვეთების] დიდი ზრდა არ გვაქვს, 1%-იანი ზრდაა დაახლოებით. ეს ლარიზაციიდან გამომდინარე პირველადი ეფექტია, რადგან ლარში უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ჩვენ 2021 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, აქედან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთების ზრდას უფრო მეტად ველოდებით უცხოური ვალუტის სესხებზე, რომლის პირველადი ეფექტი შეთავაზებებში უკვე აისახა. წელს ველოდებით, რომ 1-1,5%-მდე შეიძლება იყოს კვლავინდებურად ზრდა საპროცენტო განაკვეთის მთლიან პორტფელზე. შეთავაზებებში რა თქმა უნდა უფრო მაღალია ზრდა“,-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
როგორც ირკვევა, სესხების გაძვირებაზე გავლენა ექნება ასევე ბანკებისთვის საგადასახადო რეჟიმის ცვლილებასაც. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლიდან ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15-დან 20%-მდე გაიზარდა. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სესხებზე გაძვირების ეფექტი ექნება. არჩილ გაჩეჩილაძე ვარაუდობს, რომ შედეგად საპროცენტო განაკვეთი დოლარის სესხებზე 0,5%-ით, ლარში კი, განსაკუთრებით იპოთეკური სესხებზე, 0,2-0,3%-ით გაიზრდება.
"მოგების გადასახადის გაზრდას ექნება გამაძვირებელი ეფექტი სესხების საპროცენტო განაკვეთზე, ვინაიდან ეს რაღაცნაირად უნდა დაკომპენსირდეს. ნებისმიერი გადასახადის გაზრდა, ნებისმიერ საქონელზე აუცილებლად იწვევს საქონლის გაძვირებას. სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვანაირად გამოიწვევს გაძვირებას, დოლარის სესხებზე დაახლოებით $0.5-იანი გაძვირებაა მოსალოდნელი, ლარის სესხებზე, განსაკუთრებით იპოთეკების შემთხვევაში - 0.2, 0.3%-ით, გააჩნია პროდუქტს",- აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.
შემცირდება თუ არა საპროცენტო განაკვეთი ლარში სესხებზე, მეტწილად დამოკიდებულია შეარბილებს თუ არა ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. ამ დროისათვის რეფინანსირების განაკვეთი 11%-ია.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 1 თებერვალს შედგება.