"გამართლება არ გვაქვს" [video]

2023-01-21 11:38:26

"კლინიკას გამართლება არ გვაქვს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი ლოლაძემ განუცხადა.

ლოლაძე ადასტურებს, რომ კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ 22 წლის გოგონას მუცლის ღრუში სამედიცინი ინსტრუმენტი ნამდვილად დარჩა. მისი თქმით, ეს არათუ ერთი ექიმის, არამედ მთელი საოპერაციო ჯგუფის შეცდომაა.

სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 22 წლის გოგოს გუშინდელმა ოპერაციამ, რომელიც მუცლის ღრუდან მაკრატლის ამოსაღებად ჩაუტარდა, კარგად ჩაიარა და ის თავს სტაბილურად გრძნობს.

"ოპერაციამ საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩაიარა. ცოტა ხანში შეიყვანენ ოჯახის წევრებს და აჩვენებენ პაციენტს. იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ ბინაზე. რაც მოხდა ძალიან ცუდია, არავითარი გამართლება არ გვაქვს კლინიკას, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ხდება და ათას შემთხვევაში ერთი არის ხოლმე ასეთი უცხო სხეულის დატოვება ხანგრძლივი ოპერაციის დროს. ძალიან დიდი ოპერაცია გაუკეთდა პაციენტს 3 თვის წინ, 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ეტყობა გადაიღალა პერსონალი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არანაირი გამართლება არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა ვართ და არ უნდა ხდებოდეს ჩვენს კლინიკაში ასეთი რაღაც. ახლა ცოტა მამშვიდებს ის ფაქტი, რომ პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია. ძალიან კარგია, რომ არავითარი სხვა გართულება არ ყოფილა, იყო შეხორცებითი გაუვალობა, რაც გამოწვეული იყო იმ ოპერაციის დიდი მასშტაბით, რაც მას ჩაუტარდა 3 თვის წინ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მომავალში. მაგისი მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მინიმუმამდე მოხდეს დაყვანა. ეს არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის შეცდომა, მთელი ბრიგადის შეცდომაა, ვინც მონაწილეობდა. სამი ქირურგი მონაწილეობდა, საოპერაციოს ექთანი და ყველას თანაბარი პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, რამ გამოიწვია, მიახლოებით მაქვს წარმოდგენა იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა ოპერაცია, ძალიან დაღლილები იყვნენ და ამ დროს პროცენტულად მატულობს ასეთი რაღაცის შანსი, მაგრამ უნდა იყოს სისტემა ისეთი ოპტიმიზირებული, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. გავატარებთ ღონისძიებებს, აქ დასჯაზე არ არის საუბარი, დასჯა ადვილია ძალიან და მაგას გავაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აღმოიფხვრება ამით, ისეთი სისტემაა შესამუშავებელი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ასეთი შეცდომების რიცხვს", - აცხადებს გიორგი ლოლაძე.

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 22 წლის გოგოს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი დაუტოვეს. გოგონას მაკრატლის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა გუშინ, რუსთავში ჩატარდა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები