გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ტყეში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცაცხვის სახეობის 1 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 7 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი და ე.წ. ნაგვერდულები.
ამასთან, სამართალდამრღვევმა სარგვეთის ტყეში უკანონოდ მოჭრა მურყნის სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და მათგან მიღებული 10 მორის სახერხამდე უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.