რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებას რუსთავის მერია ეხმაურება. ქალაქის თვითმართველობაში აცხადებენ რომ, კომპანია „ინტერტრანსს“ მათთან შეთანხმების გარეშე ტარიფის მომატების უფლება არ ჰქონდა. რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თამარ აქუბარდია აცხადებს რომ კომაპანიამ მგზავრობის ფასის მატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. გარდა ამისა ხელშეკრულებაში რომელიც „ინტერტრანსსა“ და ქალაქის მერიას შორის ერთი წლის წინ გაფორმდა, ლარის კურსის ცვლილების გამო ტარიფის გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპირო მოსაზრება აქვთ „ინტერტრანსში“. კომპანიაში განაცხადეს რომ ვალუტის კურსის მკვეთრი ცვალებადობის შემთხვევაში მათ უფლება ჰქონდათ მგზავრობის ღირებულება გაეზარდათ.
ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანიაა კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით საკითხს შესაბამისი კომისია შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი იმის შესახე, თუ რამდენად ადეკვატურია კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.