რუსთავის საკრებულომ მეორე მოსმენით 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას მხარი საკრებულოში შემავალმა ყველა პარტიამ დაუჭირა. დეპუტატები სხდომაზე, ძირითადად, შეფასებებით შემოიფარგლნენ.
"ახალი წელი დავიწყოთ პოლიტიკური კომპრომისებით, მეტად საქმიანად, ვიმუშაოთ ერთად და უფრო მეტი კარგი პროექტის განხორციელებას შევძლებთ", - განაცხადა კენჭისყრამდე ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ - ნათია შელეგიამ.
"ჩვენ უნდა შევძლოთ ის განსხვავებულობა, რაც შეიქმნა, არ აისახოს მოქალაქეებზე და დარჩეს აქ. მზად ვართ გადავდგათ ეს ნაბიჯი, გადავდივართ თანამშრომლობით რეჟიმში და გვსურს, თქვენგანაც ეს მზაობა დავინახოთ", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ალექსანდრე ბერიძემ.
"მზად ვართ თქვენთან ერთად გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ქალაქის მოსახლეობის წინაშე”, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ.
რუსთავის ბიუჯეტის პირველადი პროექტი 87 367 700 ლარითაა განსაზღვრული და წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით, 6 მილიონი ლარით გაზრდილია.