ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსმა ტურისტებმა დახარჯეს

2022-12-16 19:07:11

2022 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 174,8%-ით გაეზარდა. კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს ნოემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 305 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 111 მლნ დოლარს. 2020 წლის ნოემბერში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 12.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, პანდემიამდელ 2019 წელს, ნოემბერში ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 201.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, მიმდინარე წლის 11 თვეში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 787 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ეს წლიურად ფაქტობრივად 480%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსი მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 135,7 მლნ დოლარი შეადგინა.