"ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული"

2022-12-09 12:51:20

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.
„შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის“, - აღნიშნულია კვლევაში.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას - დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %). გამოკვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3,680 შინამეურნეობა შეირჩა და 6,074 რესპონდენტი გამოიკითხა.
დროის გამოყენების გამოკვლევა შინამეურნეობების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გროვდება მონაცემები, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ წყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის, კერძოდ, 5.4 ამოცანის შესრულების ინდიკატორების მისაღებად. მსოფლიოს მასშტაბით სწორედ დროის გამოყენების გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე ფასდება ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის წილი ქვეყნის კეთილდღეობაში და ამგვარ შრომაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დროითი განსხვავებებით გაანალიზდება გენდერული უთანასწორობები. მიღებულ მონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს აუნაზღაურებელი შრომის აღიარების, გადანაწილებისა და შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისთვის.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ქვეყანაში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ქვეყანაში ზრუნვის შრომის ღირებულებასა და საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ დისკურსს ბიძგს მისცემს.
„ასევე, იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები მოახდენს საჯარო პოლიტიკის ინფორმირებას, ქალებისა და გოგოების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციული წილის შესამცირებლად და ზრუნვის პასუხისმგებლობების თანაბრად გადასანაწილებლად როგორც ქალებსა და კაცებს, ისე საზოგადოებას, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის“,
- აღნიშნა კაორი იშიკავამ.
გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა.