რუსთავის საკრებულოში რამდენიმესაათიანი სხდომა 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე დასრულდა. ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოში ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
პროცესში გადამწყვეტი ხმა ფრაქციას "საქართველოსთვის" ერგო, რომელმაც ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. როგორც ფრაქციის წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ აღნიშნა, მათ კომისიურ ფორმატებში მსჯელობისას, ბიუჯეტის ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ, რაც ქალაქის აღმასრულებელმა ორგანომ არ გაითვალისწინა.
საკრებულოს გადაწყვეტილებას ბრიფინგით უპასუხა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ლაცაბიძის თქმით, საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა რუსთაველების ინტერესებზე მაღლა პირადი პოლიტიკური ამბიციები დააყენა და საფრთხე შეუქმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველების დაფინანსება, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
კენჭისყრის პროცესს არ ესწრებოდა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, რომ მერი ოპოზიციურ დეპუტატებს, საქმიანობის შეფასების ნაწილში, შეურაცხყოფას აყენებდა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ამასთანავე, ენმ-ის წევრისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ბერიძის განაცხადებით, მათ მიერ წარდგენილი წინადადებები ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ იყო, რაც სავარაუდოს ხდის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობის შემთხვევაშიც, ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერდა.
პროცედურულად, საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან დაუბრუნა, აღმასრულებელმა კი წარმომადგენლობით ორგანოს ხელმეორედ განსახილველად დეკემბრის თვეში უნდა გადაუგზავნოს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის ბიუჯეტის საწყისი თანხა 87 367 700 ლარითაა განსაზღვრული.