საქართველოში განსაკუთრებული თაყვანისცემა და სიყვარულია წმინდა გიორგის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას - საქართველოც ეწამა ქრისტესთვის, ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და საქართველოც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, დადიოდა ყოველთვის ამ ჭეშმარიტების გზით, ქრისტეს ეკლესიის ერთგულების გზით, რამაც მოგვიყვანა და გადაგვარჩინა დღემდე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, დიდმოწამეები და მოწამეები განსაკუთრებით შეეწივნენ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი.
"პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ მრავალრიცხოვანია მოწამეთა დასი და აი, მათ შორის არიან კიდევ ისეთები, რომლებმაც განსაკუთრებით სასტიკი წამება დაითმინეს. მათ ეწოდებათ დიდი მოწამეები. აი, ამ დიდმოწამეებს შორის გამორჩეული გახლავთ წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ.
მოწამე არის ადამიანი, რომელიც წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგომიც კი, მზად არის, დაამოწმოს ქრისტე. წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი იყო ასეთი მოღვაწე ადრექრისტიანულ პერიოდში და ის საკმაოდ მარტივად ხსნის, თუ რა არის არსი მოწამეობისა. ის ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ სიკვდილზე იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ მცნება "არა იცრუო". როდესაც გვეკიდებიან, "შენ გწამს ქრისტე?" - ჩვენ გვირჩევნია მოვკვდეთ, ვიდრე ეს მცნება დავარღვიოთ, რომ "არა იცრუო". აი, ასე განმარტავს იგი.
დიდი მოწამეები და მოწამეები განსაკუთრებით შეეწიენ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში, იმიტომ რომ ძნელი წარმოსადგენია, მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი. თქვენ გახსოვთ, რა ზეგავლენა ჰქონდა მათ წამებას თვითმხილველ წარმართებზე, თვით ჯალათებზეც კი, რომლებიც მათ აწამებდნენ, როდესაც ხედავდნენ, რამდენად უშიშრად, ხშირად მდუმარედ და ბაგეებზე ლოცვით კვდებოდნენ დიდი მოწამეები. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ისინი არიან ჩვენთვის ყველაზე ნათელი მაგალითი ქრისტეს ურყევი რწმენისა, ერთგულებისა, ვაჟკაცობისა და სიმამაცისა.
მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ასეთ შეკითხვა: "რა ძალით არის შესაძლებელი ამ ღვაწლის აღსრულება, სიკვდილის დათმენა, წამების დათმენა და ქრისტეს დამოწმება?" - ამაზე პასუხს იძლევა დღეს წაკითხული სახარება, სადაც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ „მოვა ნუგეშინისმცემელი, სული ჭეშმარიტებისა, რომელსაც მე მოვავლენ მამისაგან, რომელიც მამისაგან გამოდის და იგი დაამოწმებს ჩემზე და თქვენც დაამოწმებთ“, - ამბობს უფალი. ასევე სხვა ადგილას ბრძანებს იგი, რომ როდესაც თქვენ შეგიპყრობენ, სამსჯავროზე წაგიყვანე და წარდგებით წინაშე მეფეთა და მთავართა, რომ დაამოწმოთ ჩემთვის, მაშინ ნუ ზრუნავთ და ნუ ფიქრობთ, თუ რა ილაპარაკოთ, იმიტომ რომ იმ ჟამს მოგეცემათ თქვენ სიტყვები, რაც უნდა თქვათ, იმიტომ, რომ სულიწმიდა დაამოწმებს თქვენი ბაგეებით.
ამრიგად, აი, ამ დიდი ღვაწლის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ სულიწმიდის ძალითა და მადლით. მხოლოდ სულიწმიდის მადლით აღასრულა ეს ღვაწლი წმინდა დიდმა მოწამე გიორგიმ და მისი ბაგეებით დაამოწმა სულიწმიდამ, რომ იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. თქვენ გახსოვთ, როგორ პასუხს იძლევა წმინდა გიორგი, რომ იგი ემსახურება ჭეშმარიტებას, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება. წმინდა გიორგისთვის იესო ქრისტე იყო ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, მან არ იცოდა სხვა გზა, მას არც სურდა სხვა გზით სიარული და ვერაფერმა შეაშინა, ვერ დააბრკოლა და იგი შეუდგა ამ გზას, იარა ამ გზაზე. ამისთვის ვეთაყვანებით ჩვენ მას, ამისთვის გვიყვარს ჩვენ იგი, ამისთვის არის იგი ესოდენ განდიდებული ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში.
თქვენ იცით, რომ საქართველოში განსაკუთრებული თაყვანისცემა და სიყვარულია წმინდა გიორგის მიმართ; ჩვენს სახელმწიფო გერბზეც კი არის იგი გამოსახული, როგორც ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნისა, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვამს საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას. საქართველოც ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. საქართველოც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, დადიოდა ყოველთვის ამ ჭეშმარიტების გზით, ქრისტეს ეკლესიის ერთგულების გზით, რამაც მოგვიყვანა და რამაც გადაგვარჩინა დღემდე. ასე რომ, დღევანდელი დღესასწაულის, წმინდა გიორგის წამების, ჩვენ მიერ აღნიშვნა არის ერთგვარი მოწოდებაც, რომ ჩვენი შემდგომი გზაც უნდა იყოს ქრისტეს ერთგულება, მისი მსახურება და წმინდა ეკლესიის ერთგულება.
ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს. წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები, წმინდა გიორგიმ დალოცოს ჩვენი სამშობლო და უფალმა წმინდა გიორგის ლოცვით დალოცოს, აკურთხოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი სამშობლო, ამინ!
დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას. ზუსტად ამ დღეს, 23 ნოემბერს, იკურთხა წმინდა სამების სახელობის ეს დიდებული საკათედრო ტაძარი. მინდა, თქვენთან ერთად დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. ეს შესანიშნავი ტაძარი, საოცარი საკათედრო ტაძარი, არის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალმხრივი ღვაწლის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება. არ არის შემთხვევით, რომ მან ეს ტაძარი სწორედ გიორგობა დღეს აკურთხა. მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ისტორიისთვის ესოდენ რთულ პერიოდში მოგვივლინა ასეთი ბრძენი საჭეთმპყრობელი და მადლობა ვუთხრათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას განუზომლად დიდი ღვაწლისთვის. ღმერთმა გააძლიეროს იგი, წმინდა გიორგი შეეწიოს მას და ინებოს მისი დღეგრძელობა, ამინ!ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა მეუფე შიომ.